მურაბებისა და ჯემების მწარმოებელი კომპანია "ქეთო'ს" ინვესტიციების მოძიების პროცესშია
კომპანია "ქეთო'ს", რომელიც გამორჩეული გემოს მქონე მურაბებსა და ჯემებს აწარმოებს, დუშეთში საკუთარი საწარმოს ამოქმედებისთვის ფინანსების მოძიების პროცესშია.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, იგეგმება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განაცხადის შეტანა.
ახალი საწარმო დუშეთში უკვე აშენებულია, თუმცა, მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. საუბარია, დაახლოებით, 50 000 ლარის ინვესტიციაზე. ამ დროისთვის პროდუქცია ოჯახის პირობებში მზადდება.
"ქეთო'ს" შოურუმი "ბაზარი ორბელიანზე" აქვს. პროდუქცია ხელმისაწვდომია ონლაინ, ასევე რამდენიმე მაღაზიაში, მათ შორის “ფერმარტი“, „წერტი“ და სხვა. რაც შეეხება ფასებს, 10-20 ლარის ფარგლებშია და 450 მლ–იან შეფუთვებში იყიდება. სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაციაც.
ცნობისთვის, კომპანია "ქეთო'ს" ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ქეთი მელაძემ საქმიანობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც სტანდარტულ მურაბებს და ჯემებს ამზადებდა. შემდეგ კი იდეა გაუჩნდა განსხვავებული და საინტერესო გემოები შეექმნა.