ბიზნესი
28/04/2023

"მწვანე საჩუქარი" ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს

საქართველოში გადამუშავებული ქაღალდისგან წარმოებული პროდუქტები, კერძოდ- ბლოკნოტები, კონვერტები, სასაჩუქრე პარკები და სხვა, შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს. თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გერმანიასთან მიმდინარეობს. პროექტზე სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ მუშაობს.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი დაჩი ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, მსოფლიოში, გადამუშავებული  ქაღალდისგან წარმოებული პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.

„მიუხედავად ამისა, ვგეგმავთ ძალები უცხოურ ბაზრებზეც მოვინჯოთ. ჩვენ იქ შეგვიძლია ჩვენი დამატებითი სოციალური სარგებელით, ან თუნდაც ფასის მიხედვით, კონკურენტუნრიანი ვიყოთ. თუმცა, ეს მოხდება უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება საკმარისად კარგი ხარისხის პროდუქტები, რომ ობიექტურად კონკურენტუნარიანი იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,-  განმარტა დაჩი ჯანელიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, კომპანია საკუთარი ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნასაც აპირებს.

„თუ ახლა, მხოლოდ მაკულატურას ვაგროვებთ, შემდეგ ეს მაკულატურა მიგვაქვს და წეროვანში მდებარე საწარმოში გადავამუშავებთ, რის შემდეგაც უკვე - გადამუშავებული ქაღალდის ნივთებს ჩვენს მცირე საწარმოში ვქმნით, გვინდა რომ ეს სისტემა შევცვალოთ და მაკულატურაც თავადვე გადავამუშავოთ და ვაქციოთ ქაღალდად, ანუ ნედლეულიც ჩვენ მიერვე წარმოებული იყოს. გარდა ამისა, ვაპირებთ საწერად გამოსადეგი თეთრი ფურცლის წარმოებაც“,- აღნიშნა „მწვანე საჩუქარის“ დამფუძნებელმა დაჩი ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე სოციალურ საწარმოს უკვე კონკრეტული გეგმები ექნება ახალ საწარმოსთან და ექსპორტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს 2017 წელს. იდეა მიემართებოდა, გუნდის სურვილს, უფრო მეტად ეზრუნათ გარემოზე და ხელი შეეწყოთ ქვეყანაში ნარჩენების მართვის სწორი მიდგომების დანერგვაში.

დღესდღეობით, „მწვანე საჩუქარი“ აერთიანებს გარემოზე მზრუნველ ადამიანებსა და ორგანიზაციებს. სწორედ ამ მეგობარი ორგანიზაციების და ინდივიდების მხარდაჭერით, „მწვანე საჩუქარი“ აგროვებს ქაღალდის ნარჩენს, უზრუნველყოფს მის გადამუშვებას და გადამუშავებული ქაღალდით ქმნის მეორეულ, ეკო-დამზოგავ პროდუქტებს.

 

Businesspartner