ბიზნესი
25/05/2022

"მწვანე ბუმბო" ოხრახუშის, ნიახურის და ცერეცოს ეთერზეთების წარმოებას იწყებს

კომპანია „მწვანე ბუმბო“ რამდენიმე თვეში (შემოდგომამდე) მწვანილის ეთერზეთებს გამოუშვებს, რომელსაც ძირითადად, პარფიუმერიაში გამოიყენებენ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ივანე ქუფარაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ნედლეულს კომპანია ადგილობრივად შეისყიდის.

საწარმო ამ ეტაპზე რამდენიმე  სახეობის - ევკალიპტის და დაფნის ეთერზეთებს აწარმოებს, რომელიც ძირითადად, სამკურნალო დანიშნულებისაა. სეზონზე დაგეგმილია ციტრუსის ეთერზეთების წარმოებაც (არომათერაპიისთვის).  

მისი განცხადებით, გურიაში წარმოებული ეთერზეთები ამ დროისთვის იყიდება როგორც ადგილობრად, ისე ექსპორტზე.

„ეთერზეთები გამოიყენება როგორც მედიცინაში, ასევე პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. ქსელში ჩვენი ზეთის ღირებულება 14.20 ლარია (10 მლ). ჩვენი წარმოების ეთერზეთებს ვინც მოიხმარდა, კორონავირუსი ისე გადაიტანეს, არც გაუგიათ. მისი გამოყენება ინჰალაციის საშუალებით ხდება. ეთერზეთები კურნავს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა, დიაბეტი, პროსტატა,ჩირქოვანი და ფილტვის დაავადებები, თმის ცვენა და სხვა,“ - აცხადებს ქუფარაშვილი.

როგორც „მწვანე ბუმბოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, პროდუქცია საცალო ქსელში მხოლოდ ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ იყიდება, სააფთიაქო ქსელში კი  შეტანა ვერ ხერხდება.

„აფთიაქები ჩვენი პროდუქციით ნაკლებად არიან დაინტერესებული, უმეტესად ქიმიურ წამლებზე აკეთებენ არჩევანს. ჩვენი ერთი ფლაკონი უდრის 400-500 ლარის ანტიბიოტიკს, რომელიც ანგრევს ადამიანის ორგანიზმს. შესაბამისად, არ აწყობს აფთიაქს ჩვენი პროდუქცია გაყიდოს 14-15 ლარად და ანტიბიოტიკის მყიდველი დაკარგოს. ჩენი მოსახლეობა ამ კუთხით ძალიან გაუთვიცნობიერებელია. საზღვარგარეთ კი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქიმიურ მედიკამენტებს აღარ მოიხმარს,“ - აცხადებს ქუფარაშვილი.

რაც შეეხება ეთერზეთებს, რომელიც სააფთიაქო ქსელებში იყიდება, ქუფარაშვილი აცხადებს, რომ მათი უმრავლესობა ჩინურია და მავნებელი.

„ეთერზეთებს მაგით უფუჭებენ სახელს. როგორ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი 5 ლარი ღირდეს, როდესაც  2 ლარი მარტო შეფუთვა ჯდება,“-აცხადებს ქუფარაშვილი.

„მწვანე ბუმბოს“ საწარმო 0.5 ჰა-ზეა განთავსებული, ხოლო ევკალიპტის სანერგე მეურნეობა - 3 ჰა-ზე. მისი თვიური წარმადობა 500-600 ლიტრი ეთერზეთია, 40 ტონა გიდროლატი (მეორადი პროდუქტი, რომელიც ეთერზეთის გამოხდისას მიიღება და კოსმეტიკაში გამოიყენება) და 3 000 ევკალიპტის ნერგია.

გურიაში, სოფელ სუფსაში კომპანია „მწვანე ბუმბო“ ევკალიპტის და დაფნის ეთერზეთებს 2018 წლიდან  აწარმოებს. საწარმოში $234 000-ის ინვესტიცია განხორცილდა.