"მცირე და საშუალო საწარმოების მხოლოდ 9%-ს აქვს დახვეწილი ფუნქციონალის მქონე ვებ-გვერდი"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
ელექტრონული კომერციის რეფორმა მიზნად ისახავს, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაუმჯობესებას და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვას და ასევე, ელექტრონული კომერციის და ელექტრონული ტრანზაქციების მიმართ ნდობის გაზრდას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა და პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერმა გიორგი პაპავამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დღეს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს.
როგორც პაპავა აცხადებს, ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, ქართული საწარმოების მიერ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების და ელექტრონულ კომერციაში ჩართვის პროცესში.
გამოწვევებს შორის სახელდება დაბალი სანდოობაც, კერძოდ, გამოწვევები მოიცავს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე უსაფრთხო გადახდის საშუალებებისა და ადგილობრივი ფინანსური ტექნიკური მომსახურების მომწოდებლების ნაკლებობას.
„საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, ციფრული ინტეგრაციის ყველა ძირითად ასპექტში. მაგალითად, საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 4% იყენებს ორ ან მეტ სოციალურ მედიას, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ევროკავშირის მცირე და საშუალო ბიზნესების შემთხვევაში 28%-ია. გარდა ამისა, საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხოლოდ 2% ყიდის პროდუქტსა თუ მომსახურებას ონლაინ, მაშინ როდესაც ევროკავშირში ასეთი საწარმოების მაჩვენებელი 19 პროცენტია“, - განმარტა გიორგი პაპავამ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაში ასევე წერია, რომ ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების მხოლოდ 9%-ს აქვს დახვეწილი ფუნქციონალის მქონე ვებ-გვერდი მაშინ, როდესაც ევროკავშირის ანალოგური მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ელექტრონული კომერციის ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ელექტრონული კომერციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება წარმოადგენს.
პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სამი მოსმენით უკვე მიიღო და ამით განისაზღვრა შუალედური მომსახურების მიმღებთა უფლებები და მოვალეობები, ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების წესები, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლისა და მიმღების საქმიანობის პრინციპები და სხვა.