"მცირე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა გამოწვევაა"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მცირე ბიზნესის მნიშვნელოვანი პრობლემა ფინანსებზე წვდომაა. როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას განაცხადა, მცირე ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის მთავარი ქვაკუთხედია.
„187 000 ბიზნეს სუბიექტიდან 90%-ზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. ბუნებრივია, ცალკეული სტრატეგიები რაც მუშავდება ევროკავშირთან ერთად, სწორედ მცირე ბიზნესზეა აქცენტირებული. თუმცა მცირე ბიზნესს ახლა ბევრი გამოწვევა უდგას. ერთი ესაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რასაც ჩვენ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში პროგრამების გაზრდით ვპასუხობთ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება კანონმდებლობის სრულყოფა. მაგალითად, ლიზინგის ნაწილში. იგივე უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ნაწილშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უძრავი ქონება უნდა იყოს ბანკში უზრუნველყოფის საშუალება, არამედ მოძრავი ქონება, ტექნოლოგიური ხაზები, შემოსავლები და სხვა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მეორე გამოწვევა საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის მიღწევაა.
„ამ ნაწილში ჩვენ ვნერგავთ ხარისხის სტანდარტებს, რაც შესაძლებელს გახდის მეტ ექსპორტს ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მაგრამ ეს შესაძლებლობასთან ერთად გამოწვევაცაა. ეს ნიშნავს ტესტირებას, აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას. თუკი ადგილზე არ გვაქვს ლაბორატორიული სისტემა განვითარებული, ბიზნესს უწევს ნიმუშების გაგზავნა საფრანგეთში, გერმანიაში არსებულ ლაბორატორიებში. რაც დამატები ხარჯები და დროა ბიზნესისთვის. სწორედ ადგილზე ლაბორატორიის შექმნაში ვთხოვეთ დახმარება და მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს კი შეამსუბუქებს ამ სტანდარტების დანერგვის ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.