მწარმოებლებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ
2022 წელს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს ნარჩენების მართვის ვალდებულებები დაეკისრებათ. საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილისა და მწარმოებლების შეხვედრაზე განიხილეს.
სამინისტროს ცნობით, გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის და დანერგვის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ევროკავშირთან თანამშრომლობით, შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას. კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა ნარჩენების მართვის ერთ-ერთი უმთავრესი მოდელია", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ხაზი გაუსვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტების განხორციელების ვადებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების კუთხით.
საქართველოს მთავრობამ, მგვ-ის განხორციელების მიზნით, 2020 წლის 25 მაისს მიიღო ოთხი ტექნიკური რეგლამენტი : „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ”, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ”, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ” და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ”.