ბიზნესი
28/06/2021

მთავრობამ დაპირება არ შეასრულა - KTW ჯგუფი პრემიერს პასუხობს

KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე პრემიერის განცხადებას "ბიზნესპარტნიორთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპანიამ ყოფილი პრემიერისგან გიორგი გახარიასგან  სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ ორი წლით მშენებლობის ვალდებულება გადავადდებოდა და კომპანიას ჯარიმა არ დაეკისრებოდა - რაც საბოლოოდ ვერ შესრულდა.

საუბარია „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, სამეგრელოში, კერძოდ, ხობში თხილის ქარხნის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე, რომლის აშენების ვალდებულებაც 2019 წლისთვის კომპანიამ აიღო.

როგორც ჩხაიძე აცხადებს, ამ პერიოდის განმავლობაში  ვალდებულების გადავადების მოთხოვნით KTW ჯგუფმა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან დაიწყო მოლაპარაკებები და ამავე საკითხზე მას უკვე  პრემიერ-მინისტრის რანგშიც მიმართა.  კომპანიამ გიორგი გახარიასგან  სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ ორი წლით მშენებლობის ვალდებულება გადავადდებოდა და კომპანიას ჯარიმა არ დაეკისრებოდა - რაც საბოლოოდ ვერ შესრულდა.

KTW ხობს „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, აიეტის დასახლებაში 12 ჰა მიწის ნაკვეთი ვალდებულებებით გადმოეცა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა წითლიძემ ეს მონაცემი დაამახინჯა -  მისი განცხადებით, KTW ხობს შეძენილი ჰქონდა  120 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ტერიტორია კომპანიამ სახელმწიფოსგან 1.4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით მიიღო. ინვესტიციის განხორციელებას ხელი არაერთმა ფაქტორმა შეუშალა, მათ შორის, სამეგრელოში ფაროსანას შემოსევამ და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამ, რითაც 2 წლის განმავლობაში მოსავალი სრულად განადგურდა. ამ პირობებში არათუ ახალი ქარხნის აშენება, არამედ არსებული ქარხნებიც კი ვერ ახერხებდნენ ფუნქციონირებას. ამასთან ერთად, ეს იყო დრო, როდესაც  კორონავირუსის პანდემია  მძვინვარებდა და მსოფლიოში ეკონომიკა სრულად გაჩერებული იყო. შესაბამისად, კომპანიამ პირველად პრიორიტეტად თხილის პლანტაციების გაშენება და ამ პლანტაციებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება დაისახა. ვინაიდან, თხილის საწარმოს მშენებლობა მიზანშეწონილი მხოლოდ თხილის პლანტაციების სათანადოდ გამართვისა და მოსავლის მიღების შემდგომ  იქნებოდა“-აცხადებს ჩხაიძე.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კომპანიამ ვალდებულების შესრულების გადავადების პირობა სახელმწიფოსგან ორჯერ მიიღო. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგა მოლაპარაკება, რომ 240 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუხანგძლივდებოდა. ნაცვლად დაპირების შესრულებისა, აღნიშნული საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე ჩავარდა და კომპანიას 2020 წელს დაეკისრა ჯარიმა 1.8 მილიონი ლარის ოდენობით.

„მაშინ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იყო და მივიღეთ სიტყვიერი დაპირება - ჩვენ შევასრულებდით ჩვენს პირობას, ხოლო ჯარიმა არ დაგვერიცხებოდა, ვადა კი გადაიწევდა ორი  წლით. ასევე კომპანიამ საგარანტიო ჯარიმა - 145 670 ლარის ოდენობით დამატებით გადაიხადა. 

KTW ჯგუფი არის კომპანია, რომელსაც არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეს პროექტიც ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.  ხობში იმ მიწის გვერდით,  დაუმუშავებელი და აუთვისებელი მიწა შევიძინეთ, სადაც ბუჩქნარი იყო. ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაშენებდით თხილს.  ჩვენ ამ პერიოდში გავაშენეთ ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო თხილის ბაღი 207 ჰექტარზე და პროექტში 3,8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, ვალდებულება კი 1,1 მილიონ ლარს შეადგენდა. ნაცვლად მადლობისა, ჯარიმა გადავიხადეთ, რითაც სახელმწიფომ სარგებელი მიიღო და ქონების ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველზე, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა  დაუბრუნდა.

ხობის მიწაზე ჩვენი ვალდებულება იყო 1,4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კითხვა მაქვს - როგორ შეიძლება იყოს ჯარიმა 1,8 მილიონი ლარი, ეს ხომ არამართლზომიერია და გონივრული პირგასამტეხლოს რაოდენობას სცდება.  ჩვენ არანაირი ზარალი მიგვიყენებია სახელმწიფოსთვის. 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს პერიოდი ფორსმაჟორული იყო თხილის ბიზნესისთვის და სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესები სათანადოდ უნდა ყოფილიყო აღქმული.

ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომ KTW ჯგუფი უკვე 4 წელიწადია დავაშია ფინანსთა სამინისტროსთან 2,5 მილიონი ლარის უკუდაბეგვრის დღგ-ს  ჩათვლასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის ივლისიდან რეალურად გადასახადი არ არის. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით საკუთარ ფინანსებზე წვდომა შეუზღუდა. შესაბამისად, როდესაც ერთი სამინისტრო  გედავება 1,8 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე  და ამასთან, ფინანსთა სამინსიტროს აქვს შენი ვალი და ეს დავა 4 წელია იწელება -  მაქვს ლეგიტიმური  შეკითხვა, რატომ გვაკისრებს ერთი სამინისტრო უსამართლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, მეორე სამინისტრო კი, გვიბლოკავს კუთვნილ თანხებს.

თუკი ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტს, სახელმწიფოს მართებს გაერკვეს მიზეზებში და შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ ამაშინ მდგომარეობს პროექტის - „აწარმოე საქართველოშის“ არსი. განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან სწორი კომუნიკაციისა და გონივრული ნაბიჯების შედეგად მიიღწევა“-
  აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა KTW ჯგუფისთვის მიწის ჩამორთმევაზე და დაჯარიმებაზე 25 ივნისს, საქართველოს პარლამენტშიანგარიშის წარდგენის დროს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.