ბიზნესი
07/02/2023

მთავრობა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ხარისხის კონტროლს იწყებს

სახელმწიფო ელექტრომოწყობილობების ბაზრის კონტროლს იწყებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკო ფილფანმა განაცხადა, ახალი რეგულაცია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებით, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ დაახლოებით ორ თვეში ამოქმედდება. გარდამავალ პერიოდში, რაც ერთი წლის ან წლინახევრის განმავლობაში გაგრძელდება, კომპანიებზე სანქციები არ იმოქმედებს, თუმცა მათთვის სტანდარტების შესრულების ვალდებულება გავრცელდება. დარღვევებზე კი მხოლოდ რეკომენდაციებს მიიღებენ.

გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი უკვე სანქციები ამოქმედდება.

ესაა პროდუქტის განადგურების ვალდებულების დაკისრება და ბაზრიდან ამოღება, ასევე უკვე გაყიდული საქონლის მომხმარებლისგან გამოთხოვა. სანქციები დარღვევის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შემოწმების ხარჯებს ეკონომიკური ოპერატორი აანაზღაურებს.

ამ ეტაპზე სახელმწიფო ხარისხის კონტროლს ახორციელებს ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა სათამაშოები, გაზის მოწყობილობები - ე.წ. „კალონკები,“ „ბოილერები,“ გაზის გამათბობლები, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ჩაფხუტები, სიმაღლეზე მუშაობის მოწყობილობები, მოწმდება სამშენებლო პროდუქტებიც - არმატურა, ცემენტი, პლასტმასის მილები, გიფსოკარდონი, მანქანადანადგარები - როგორიცაა დრელი და ა.შ.

მომდევნო ეტაპზე კი გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობების ზედამხედველობა - ესაა  საოჯახო ტექნიკა, მაცივრები, სარეცხის მანქანები, მიკროტალღური ღუმელები, ფენები, უთოები და სხვა.

„ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს აღებული ვალდებულება და ამ ვალდებულების ფარგლებში სხვადასხვა დირექტივის დანერგვას ვახორციელებთ. ამ ვალდებულების ფარგლებში უკვე დაინერგა სათამაშოების დირექტივა, ასევე გაზის მოწყობილობების დირექტივა და ერთერთი ვალდებულება, რომელიც ასევე აღებული გვაქვს, არის ელექტრომოწყობილობების დირექტივის დანერგვა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში,“- აღნიშნა ფილფანმა.

მისი განმარტებით, შემოწმება ხორციელდება შესაბამისობის დოკუმენტაციაზე და ტექნიკურად. ზედამხედველობის სააგენტო ელექტრომოწყობილობებს უშუალოდ სარეალიზაციო პუნქტებში შეამოწმებს.

„ტექნიკური შემოწმება ლაბორატორიულ შემოწმებასთანაა დაკავშირებული და ეს კონკრეტული საფრთხის შემთხვევაში ხორციელდება, თუკი მომხმარებლისგან არის მოწოდებული ინფორმაცია, რომ მის მიერ შეძენილმა პროდუქტმა რაიმე ზიანის მიყენება გამოიწვია ან ზიანის საფრთხე წარმოშვა. ელექტრომოწყობილობების მიმართ არის დადგენილი მოთხოვნები, რომ არ იწვევდეს ელექტროშოკს, არ ქმნიდეს საფთხეს მოხმარების ეტაპზე, ასევე არ შეიცავდეს ელექტრობის გაჟნვის რისკს. შემოწმება ადგილზე მოხდება, თუმცა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა შემოწმება საბაჟოზე განხორციელდეს,“ - განაცხადა ნიკო ფილფანმა.

მისივე განმარტებით, პროდუქციაზე უნდა იყოს დანატებული ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ და ექსპლუატაციის ინსტრუქცია, ქართულ ენაზე.

ნიკო ფილფანის განცხადებით, აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით ბიზნესთან შეხვედრები უკვე გაიმართა და ისინი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები არიან.