მოვისმინეთ ბევრი საინტერესო ინიციატივა - თურნავა მოლების გახსნის გეგმაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, რითეილ სექტორმა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი წარუდგინა, თუ რა უნდა შესრულდეს, თუ კი სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბერს გაიხსნება.
"ერთ-ერთი ვერსია იყო მათ შორის სამუშაო საათების გახანგრძლივებაც. სავაჭრო ცენტრებისგან მოვისმინეთ, რომ მზად არიან გაიხსნან 24-ში და ასევე მზად არიან, რომ არ დაუშვან ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული რეგულაციები, არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა, როგორიც "შავ პარასკევს" ვიხილეთ. ძალიან კარგია, რომ მოვისმინეთ ბევრი სხვადასხვა საინტერესო ინიციატივა, თუ როგორ მართავენ სავაჭრო ობიექტები დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა. ასევე შეიძლება აქციები დღის პირველ ნახევარში იყოს და არა მეორე ნახევარში, რათა მომხმარებლების გადანაწილება მოხდეს. ასევე მოვისმინეთ მოსაზრებები, თუ როგორ იმართება მომხმარებლების რიგი სავაჭრო ობიექტების ტერიტორიის გარეთ,"- განაცხადა თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ თურნავა, დღევანდელი შეხვედრის შედეგებს უწყებათშორის საბჭოს გადასცემს და საბოლოო გადაწყვეტილებას სავაჭრო ობიექტების 24 დეკემბერს გახსნის თაობაზე, სწორედ ეს უკანასკნელი მიიღებს.