ბიზნესი
24/02/2021

მოსახლეობას რემონტისთვის დენი არ სჭირდება? - ირაკლი როსტომაშვილი მერიის ინიციატივაზე

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან“ თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივას აფასებს, რომელშიც რამდენიმე მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორის, ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.

როსტომაშვილი აცხადებს, რომ საერთო ჯამში, მიდგომა სწორია, რადგან მთელს მსოფლიოში ეს საკითხი ასე რეგულირდება, თუმცა, ეს საქართველოში ბევრ სიძნელეებს გამოიწვევს.

“გადაწყვეტილების განხორციელებას სჭირდება ყველაფრის წესრიგში მოყვანა. ჩემი აზრით, ეს არის რეალობას მოწყვეტილი სურათი. დენის და ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვა ექსპლუატაციაში მიღებამდე, ნიშნავს იმას, რომ შენობაში არავინ უნდა ცხოვრობდეს. ეს გასაგებია, თუმცა, როდესაც მოსახლეობა რემონტს აკეთებს ამ შემთხვევაში რა იქნება? რემონტს დენი არ უნდა? მგონია, რომ რაღაცებზე, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გავასწოროთ, ამ ეტაპზე თვალია დასახუჭი, რათა საერთოდ არ გაჩერდეს სამშენებლო ინდუსტრია. მაგალითად, 60 ბინიანი სახლი რომ დასრულდება, იქ სამოცივე ოჯახი რემონტს იწყებს, ეს კი დენს მოითხოვს. ეს იქნება დამატებითი რეგულაცია, რომ გაურთულონ ცხოვრება ისედაც რთულ სიტუაცაში მყოფ სამშენებლო სექტორს,“ - აცხადებს როსტომაშვილი.  

შემდეგი ცვლილება არასწორად განხორციელებულ მშენებლობებს ეხება, რომლის შემთხვევაშიც კომპანიას  ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრება.

როსტომაშვილი განმარტავს, რომ დღეს დაანონსებული ყველა ეს გადაწყვეტილება არ არის თანმიმდევრული. იგივეს თქმა შეიძლება სამშენებლო ამნისტიაზე, რომელიც  შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩართვით, მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.