ბიზნესი
19/11/2021

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

2022 წლის იანვრიდან სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირებს სახელმწიფო სავალდებულო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. jandacva.ge-ს ინფორმაცით,აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის განკარგულება, რომლითაც COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა. 

„ამ განკარგულებით განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2022 წლის 1 იანვრამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესი,“ – ნათქვამია განკარგულებაში.

კერძოდ, მოქმედი წესით,  სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.

რაც შეეხება ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.

საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირების შემთხვევაში კი (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა) – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.

სწორედ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს ეხება ის ცვლილება, რომლის თანახმად მათ სახელმწიფო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. რაც შეეხება იმას, სავალდებულოდ დარჩება თუ არა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება თანამშრომლების გარკვეული ნაწილის გატესტვის შესახებ, შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, რომ აღნიშნული ვალდებულება შესაბამისი პერიოდითა და გასატესტი ადამიანების პროცენტული წილით ძალაში რჩება, თუმცა ეს წილი დაიანგარიშება აუცრელი თანამშრომლების რაოდენობიდან.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებულთა ბაზები,რომლის საშუალებითაც მარტივად კონტროლდება ტესტირების მაჩვენებელი ამა თუ იმ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს – დასაქმებული თუ მოლების ადმინისტრაცია – ეს თავად ბიზნეს-სუბიექტების გადასაწყვეტია.

jandacva.ge

Businesspartner