მიშლენის 3 ვარსკვლავიან "არზაკში" კიდევ 4 ქართული კომპანიის ღვინის გაყიდვა განიხილება
ესპანეთში, მიშლენის 3 ვარსკვლავიან რესტორან „არზაკში“ „ჩელთის“ შემდეგ სხვა ქართული ღვინოებიც გაიყიდება. როგორც საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,განიხილება ღვინოების ისეთი ბრენდების შეტანა, როგორებიცაა, ქიმერიონი, ცხრამუხა, დუგლაძეების ღვინის მარანი, პრინც ივანე ბაგრატიონი და ასე შემდეგ.
„ძალიან მოთხოვნადია ქვევრის თეთრი და წითელი ღვინოები,მათ შორის, საფერავი.ჩვენი ღვინო ეგზოტიკურ ნიშაში გადის და ამიტომ მასზე დიდი მოთხოვნაა,“-აცხადებს გიორგაძე.
შეგახსენებთ, ქართული ღვინო პირველად შევიდა ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში. შესაბამისად, „არზაკში“ „ჩელთის“ ქართული ღვინოები უკვე იყიდება.
რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.