ბიზნესი
17/02/2022
მინისტრი: საწვავის გაძვირების ტენდენცია თუ გაგრძელდება დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშავებთ
საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
"საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს ფასის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, მომავალში ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაძლებელია, დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ. შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.