ბიზნესი
22/07/2022

მინისტრი: სამართლიანი მომსახურების სტანდარტი ქვეყანაში მაღალი ხარისხის კლინიკებს დატოვებს

კლინიკებს ოპერირება მხოლოდ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ და მათ აკრედიტაციისთვის გონივრული ვადა მიეცემათ.– ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ანაცხადა.

„ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც 2030 წლისთვის უნდა მივაღწიოთ სხვადასხვა ეტაპით, ერთ-ერთი ეტაპია სამედიცინო კლინიკებში სტანდარტის დანერგვა, რომელიც არის საერთაშორისო აკრედიტაციის ტიპის. მსოფლიოში არის რამდენიმე სტანდარტი. მოლაპარაკებები და შეხვედრები დავიწყეთ აქტიურად. ვფიქრობ, ამ სტანდარტებიდან 2-3 სტანდარტის არჩევანის საშუალებას მივცემთ კლინიკებს, რომლებსაც 2025 წლიდან ეტაპობრივად ექნებათ ვალდებულება, დააკმაყოფილონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ოპერირება. ეს სტანდარტი მოიცავს კლინიკის სამედიცინო დაწესებულების სტანდარტს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. ამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი აკრედიტაცია მიენიჭებათ. ზოგიერთ კლინიკას უკვე თავისი ინიციატივით ეს აკრედიტაცია გავლილი აქვს. ვფიქრობ, ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორ წელზე მეტია ვადა, რათა, ეს სტანდარტი დააკმაყოფილონ, ან როცა დააკმაყოფილებენ, ეტაპობრივად ექნებათ ოპერირების გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, თანხების და ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, კლინიკებში შესაბამისი სერვისი და ხარისხი უნდა იყოს.

„რასაკვირველია, ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების ხარისხი და სამედიცინო სექტორის ნდობა იყოს ხალხში, იყოს რეპუტაბელური ის სერვისები, მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული, რა სერვისებსაც ჩვენი მოსახლეობა იღებს და რასაც სახელმწიფო აფინანსებს. სექტემბრიდან უკვე ეტაპობრივად ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც ობიექტურად იქნება გამოთვლილი ტარიფები და ამ ტარიფების მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება. ტარიფები კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე ობიექტურად გამოთვლილი იქნება იმ სტანდარტების მიხედვით, რომლითაც ითვლება წამყვანი თუ ნაკლებად წამყვანი ქვეყნების სამედიცინო სერვისები. ვფიქრობ, იქნება სამართლიანობა ტარიფებში და არავის ექნება იმის სპეკულირების უფლება.

ტარიფის გადახდის შემთხვევაში, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა ვალდებულია, პაციენტს იმ ტარიფით მოემსახუროს. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სერვისს ამატებენ და მოქალაქეებისგან იღებენ დამატებით ჰონორარებს, ანაზღაურებას. ეს მიუღებელია. საჩივრებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია ჩვენთან შემოსული, დაჩქარებულად გავივლით და ყველაფერი დაუბრუნდება მოქალაქეს. საყოველთაო ჯანდაცვაში რომელი კლინიკაცაა ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ აუცილებლად ამის ფარგლებში ანაზღაურდეს და მოქალაქე არაფერს ამატებდეს“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.