მინისტრი რუსეთში რძის ექსპორტზე: ეს კომპანიებისთვის მეტი წარმოების შესაძლებლობაა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთის ბაზარი რძის პროდუქტების მწარმოებელი 15 ქართული კომპანიისთვის გაიხსნა, რომლებმაც განაცხადით 2020 წელს მიმართეს.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს შესაძლებლობაა, მეტი წარმოება დაგეგმონ და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ გეგმები.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი მეწარმეებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციაზე და მათთან ერთად წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მარკეტინგულ კომპანიასთან და ვმუშაობთ ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ა.შ. ამ სამუშაოების შედეგად გვაქვს კონკრეტული შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ბაზრის დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამის ნაწილია ცხოველური წარმოშობის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ პირველ რიგში ამ მიმართულებით ვმუშაობთ ევროკავშირთან. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს კონკრეტული გეგმა, იმ სტანდარტების და რეგულაციების დასანერგად, რაც საჭიროა ამ პროდუქტის ევროკავშირში გასატანად. გვაქვს შედეგი. ევროკავშირში დაშვებულია თაფლი და შარშან ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი გვქონდა. უპრეცედენტო რაოდენობის თაფლი გავიდა ევროკავშირში. ამ პროცესის გაგრძელებაა სწორედ ის საკითხი, რაც შეეხება რუსეთში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი. ამაზე ბევრი სპეკულაცია მოვისმინე. პროცესი დაიწყო კომპანიების თხოვნით და 2020 წელს დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარკვეული დოკუმენტაციების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები არსებობს და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ფერემერების, მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.