მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში სწავლა ათმა სტუდენტმა დაიწყო
შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში “კავკასია“ პირველი სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელის და შვეიცარიელი პარტნიორების ერთობლივი პროექტის მიმართ ინტერესი დიდია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს სწავლა ათმა სტუდენტმა დაიწყო.
მისი ინფორმაციით, სკოლაში სწავლა შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი, რამდენიმე დღიანი კურსით, ისე გრძელვადიანი, 2 წლიანი პროგრამით.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა წელიწადში 4 000 ლარს შეადგენს. ჯამში, შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში 2 წლიანი სწავლის საფასური 8 000 ლარი დაჯდება.
„ეს არის არაკომერციული პროექტი, რომელიც დამფუძნებლისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის გრანტებსა და დონაციებზეა. ერთი სტუდენტის 2 წლიანი სწავლება დაახლოებით 90 000 ლარი ჯდება, აქედან თავად სტუდენტი მხოლოდ 8%-ს იხდის, რაშიც საერთო საცხოვრებელი, კვება, სასწავლო მასალებიც შედის,”-აცხადებს მახარაძე.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით კოლეჯი და საცხოვრებელი კამპუსი უკვე აშენებულია.
როგორც მახარაძე აცხადებს, მოკლევადიან სასერთიფიკატო კურსებზე (რამდენიმე დღიანი) მიღება ზაფხულიდან დაიწყო და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.
„მოკლევადიანი კურსები ახლა შეჩერებული გვაქვს ჯერ ერთი იმიტომ, რომ გრძელვადიანი პროგრამის დასაწყებად ვემზადებოდით, თან კამპუსში სტუდენტები ცხოვრობენ და პანდემიიდან გამომდინარე გვირჩევნია შევზღუდოთ უცხო ხალხის მოძრაობა. ვფიქრობ, მოკლევადიან კურსებს გაზაფხულიდან დავიწყებთ,“ - აცხადებს მახარაძე.
კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სტუდენტებისთვის განათლების მიცემა მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.
კოლეჯის ძირითადი საქმიანობა იქნება 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები. პროექტის მიხედვით სოფელ სარკინეთში ასევე მოეწყო ფერმა და ყველის ქარხანა. 2 წლიან პროფესიულ პროგრამაში ჩართვა 12 კლასს დამთავრებულებს შეეუძლიათ.
პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.
“თეორიულ სწავლებასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდა მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა“-აცხადებს მახარაძე.
მისივე ინფორმაციით, დმანისის ყველის ქარხანაში დამზადებული ყველი სავარაუდოდ, ბრენდი „კავკასიის“ სახელით საწყის ეტაპზე კოლეჯი არსებულ მაღაზიაში გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისება,ისე ექსპორტზე გასვლა.
მახარაძის განმარტებით, სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.
პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც მრავალი წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.