მიხო სვიმონიშვილის კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან რძეს ჩაიბარებს
მიხო სვიმონიშვილის კომპანია ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას გეგმავს და მათგან რძის ჩაბარებას აპირებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორიციელებელმა, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიას“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებულ ქარხანაში, ამ დროისთვის მხოლოდ 5 სახეობის ყველი იწარმოება. ქარხნის სრული წარმადობა დღეში 2 000 ლიტრი რძის გადამუშავებაა, თუმცა, კომპანიას ამ ეტაპზე 2 დღეში ერთხელ მხოლოდ 500 ლიტრის გადამუშავება შეუძლია.
„რძის დეფიციტი გვაქვს, გვსურს ადგილობრივი ფერმერებისგან რძე ჩავიბაროთ და მაქსიმალურად ავითვისოთ ქარხნის არსებული სიმძლავრე. კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულიდან კარაქის და იოგურტის წარმოებასაც განიხილავს, რომელიც ყველის მსგავსად, „კავკასიის“ სავაჭრო ნიშნით გაიყიდება,” - აცხადებს მახარაძე.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.
პროექტი სკოლის გარდა მოიცავს ფერმას და რძის პროდუქტების მწარმოებელ ქარხანას. შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიას" დამფუძნებელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილია. პროექტს ბიზნესმენი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.