ბიზნესი
17/06/2021

მიხეილ ხიდურელი: საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია

„საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა განუცხადა.

მიხეილ ხიდურელის განმარტებით, საგარანტიო სქემა ბიზნესს ცალსახად ეხმარება დაკრედიტებაში და უკვე ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით სარგებლობს.

„რაც შეეხება იმ დიდ ბიუჯეტს რომელიც წინა წელს იყო, ის არ ყოფილა გათვლილი სრულად გასახარჯად. ეს არის გარანტია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თავსდება, როდესაც არის კომპანიის მხრიდან მოთხოვნა. ეს თანხა არსად არ წასულა. გამოვიყენეთ მხოლოდ ის ნაწილი, რომლის საჭიროებაც იყო კომპანიების მხრიდან დაფიქსირებული და უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი. ამასთან, დიდი ბიუჯეტი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ბანკებს ცოდნოდათ, რომ მთავრობა საკითხს უდგება ძალიან სერიოზულად და გამოყოფილი აქვს საჭორო თანხა,“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის კუთხით ბიზნესის მხრიდან აქტივობა წელს კიდევ უფრო მაღალია და ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულია.

„რაც შეეხება ძირითად სექტორებს, მოთხოვნა მაღალია პირველადი სოფლის მეურნეობის, სამშენებლო მასალების მიმართულებაზე, ასევე ავეჯი, ლითონები. თანდათან უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ბიზნესი რომელსაც ვაკრედიტებთ,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. გასულ წელს პროგრამისთვის ჯამში 330 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 300 მლნ საბანკო სექტორისთვის, 30 მლნ ლარი მიკროსაფინანსო სექტორისთვის იყო გათვალისწინებული.

Businesspartner