ბიზნესი
13/04/2022

მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება

საქართველო სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროებში კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესს იწყებს. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების პროცესს.

„სისტემის გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ის დაეხმარება სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის იმ მომსახურებათა რაოდენობას, რომელთა გაწევაც სააგენტოს შეეძლება. დაძმობილების პროექტი, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა, საქართველოს დაეხმარება DCFTA - ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მოთხოვნების შესრულებაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო / ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ოფიციალურ გახსნაზე.

პროექტი მიზნად ისახავს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროებში საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან, აგრეთვე სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და სერვისების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

გენადი არველაძე იმედოვნებს, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს როგორც ინსტიტუციურად, ასევე კომპეტენციის ამაღლების მიმართულებით და ხელს შეუწყობს საქართველოში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სერვისების განვითარებას.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მომდევნო 24 თვის განმავლობაში იტალიის მეტროლოგიის ინსტიტუტი, იტალიის სტანდარტიზაციის ორგანო, ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული უწყების ადმინისტრაციული, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით DCFTA - ის მოთხოვნების განხორციელებაში.