ბიზნესი
02/07/2021

"მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა" 2020 წელი ₾6.8 მლნ-იანი ზარალით დახურა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“ 2020 წელი ₾6.8 მლნ-იანი ზარალით დახურა.

პანდემიურ წელს ბათუმში მდებარე სასტუმროს შემოსავალი 17.3 მლნ ლარი იყო, თითქმის 10 მლნ-ით ნაკლები (-36%) 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

თუ 2019 წელს კომპანიას 2.8 მილიონიანი საოპერაციო მოგება ჰქონდა, გასულ წელს საოპერაციო საქმიანობაც ზარალიანი აღმოჩნდა და 5.7 მლნ-ს გადააჭარბა. წლის სრული ზარალიც 6.8 მლნ, 2019 წელს არსებული 2.55 მილიონიანი მოგების შემდეგ.

ფინანსური მაჩვენებელბის გაუარესება კოვიდ პანდემიის, ტურიზმის სფეროს გლობალური კრიზისისა და სექტორის არნახული ვარდნის ფონზე მოსალოდნელიც იყო.

„გამომდინარე იქედან რომ პანდემია არ დასრულებულა და ქვეყანა ელოდება კოვიდ შემოტევის მესამე და ასევე შემდგომ ტალღებს, ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე რომ ქალაქში ვმართავთ რამდენიმე სხვადასხვა სასტუმროს, რომელთაგან თითქმის ყველა მათგანი ადაპტირებული იყო როგორც კოვიდ სასტუმრო, მიმდინარე წელსაც სახელმწიფო მომართვიანობიდან გამომდინარე მზად ვართ და ვგეგმავთ შედარებით მცირე ზომის სასტუმროები კვლავ დათმობილი იყოს სახელმწიფოსთვის როგორც უშუალოდ კლინიკურ სასტუმროებად. ასევე ვგეგმავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას და კონკრეტულად ამ გეოგრაფიულ მიმართულებაზე სასტუმრო ექსპანსიის მნიშვნელოვან გაზრდას. პირველ რიგში საუბარია ვიზიტორებზე ისრაელიდან, რადგან მათთვის სასტუმროში შექმნილი გვაქვს ექსკლუზიური პირობები და კვლავ ვაპირებთ მათ განვრცობას“, - ნათქვამია 2020 წლის მმართველობით ანგარიშში.

კომპანია საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მართავს შემდეგ სასტუმროებს: „ეუფორია“ (საკუთარი), „ინტურისტ პალასი“, „სქაი თაუერი“, „ბიზნეს ლეჯენდ ჰოტელი“, „ლეჯენდ ჰოტელ ბათუმი“, „სითი ჰოტელი“ და „ეუფორია - აპარტამენტები და რეზიდენცია“.

2020 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელი იყო სს მეტრო თიჯარი ვე მალი იატირიმლარ (თურქეთის რესპუბლიკა). სს მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის ბენეფიციარი მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია.

Businesspartner