ბიზნესი
27/10/2021

მესხური მინი სოფლის მოწყობაში ₾0.5 მლნ-ის ინვესტირება იგეგმება

ასპინძაში, მესხური მინი  სოფლის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანი „ვარძიაა“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, სამომავლოდ დაგეგმილია მესხური ოდის პროექტის განხორციელება, სადაც თავმოყრილი იქნება ძველი მესხური არქიტექტურა, ხის ბანიანი სახლებით.

„თუ სასტუმროზე მოთხოვნა გაიზრდება გვინდა მესხური სოფლის პატარა პროტოტიპი გავაკეთოთ. ეს იქნება  8-10 საცხოვრებელი ტიპის სახლები,ტერასულად. ამ ეტაპზე ეს არის იდეა და გვინდა, მომდევნო წლებზე ამაზე გვქონდეს ორიენტაცია,“ - აცხადებს ზედგენიძე. პროექტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას საჭიროებს.  

კომპანიამ ასპინძაში  მიმდინარე წლის სექტემბერში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. “მელუდის სახლში“ განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.