ბიზნესი
29/06/2021

"მეორადი სათამაშოების ბევრი მაღაზია უკვე გავიდა ბაზრიდან"

მეორადი სათამაშოების რეალიზატორები ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უნდა მოახერხონ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" დაკმაყოფილება.

როგორც მეორადი სათამაშოების რეალიზატორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საქართველოში ჩამოსულ მეორად სათამაშოს დოკუმენტაცია არ ახლავს და ამავდროულად მათი აბსოლუტური უმრავლესობა შეფუთვის გარეშეა.

„კონკრეტულად რას შეეხება და როგორ მოხდება რეგულაციების აღსრულება ჩვენთან დაკავშირებით, დეტალური ინორმაცია არ გვაქვს. ჩვენ მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ახალი ისე მეორადი სათამაშოები. ახალი სათამაშოების შემთხვევაში ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილების პრობლემა არ გვაქვს. მეორადი სათამაშოების შემთხვევაში კი პრობლემაა, რადგან ეს სათამაშოები ჩვენთან არ ჩამოდის ყუთით. შესაბამისად, ყველა სათამაშოს, მათ შორის მინიატურულ სათამაშოებსაც უნდა მივუთითოთ გარკვეული სტიკერებით დეტალური ინფორმაცია. ვფიქრობ, გაგვიჭირდება," - განმარტა „ვუდი ამერიკული სათამაშოების“ მფლობელმა.

ლელა ბალავაძის თქმით, შესაძლებელია, რომ პირველი ივლისიდან მაღაზიის დროებით დახურვისა და რეალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.

„ჯერ კიდევ ველოდებით, რამდენად შევძლებთ პირველ ივლისამდე მეტი დეტალის გაგებას და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ბევრი მეორადი სათამაშოების მაღაზია უკვე გავიდა ბაზრიდან. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ რეგლამენტის დაკმაყოფილებას,“ -  განაცხადა ლელა ბალავაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველოში „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ძირითადი ნაწილი შედის ძალაში. რეგულაციით სათამაშოების რეალიზატორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ.

საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებული ყველა სათამაშოს მიმართ განსაზღვრულია უსაფრთხოების ერთნაირი ნორმები. მათ შორის ჩამოთვლილია ის ალერგიული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. ასევე მოთხოვნებია წაყენებული სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, თვისებების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათამაშოს უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინსტრუქცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც. რეგლამენტით შემოდის ე. წ. მეორეული ანუ მეორადი სათამაშოს განმარტებაც.

Businesspartner