ბიზნესი
04/04/2022

მეღვინეობა ვაზიანი: რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის

კომპანია „მეღვინეობა ვაზიანი“ აქცენტს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე აკეთებს. 

როგორც კომპანიის დირექტორი ნათია მეტრეველი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, "მეღვინეობა ვაზიანი" ამ დროისთვის რუსეთში ექსპორტს არ ახორციელებს.

მისი ინფორმაციით, რუსეთთან სერიოზული ბარიერებია, მათ შორის, პრობლემაა როგორც გადაზიდვების, ისე ფულის მიღების.

„კომპანიამ რუსეთში ღვინო 2021 წლის დეკემბერს გაიტანა. ეს იყო მცირე პარტია, დაახლოებით 30 000 ბოთლი.  ჩვენ 2017 წლიდან რუსეთზე მიბმული  კომპანია არ ვართ, აქცენტი დივერსიფიცირებაზე გვაქვს.

ჩვენთვის რუსეთის ბაზარი არ არის მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე რუსეთში ექსპორტს არ ვახორციელებთ. რაც შეეხება უკრაინას, ეკონომიკური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან 3 წელია არ გვაქვს, ვაპირებდით პარტნიორის შეცვლას.

ჩვენ 2017 წლიდან გადავერთეთ ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებზე, მაქსიმალურად ვცდილობთ გავზარდოთ მიწოდება აშშ-სა და იაპონიაში,“ - აცხადებს ნათია მეტრეველი.

„მეღვინეობა ვაზიანი“ 1982 წელს დაფუძნდა, რომლის რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა.

მოდერნიზებული ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რეზერვუარებით.