ბიზნესი
16/07/2021

მეღვინეობა ვაზიანი: ნორვეგია საინტერესო ბაზარია, ვმუშაობთ ამ მიმართულებით

ღვინის მწარმოებელ კომპანიათა ნაწილი სკანდინავიის ქვეყნების ბაზრის მიმზიდველობაზე აცხადებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „მეღვინეობა ვაზიანის“ დირექტორმა ნათია მეტრეველმა განაცხადა, ნორვეგია საინტერესო ბაზარია და ამ ქვეყანასთან მუშაობა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, კომპანია აქამდე სკანდინავიის ქვეყნებში ექსპორტს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებდა, ახლა კი აღნიშნული მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.

მეტრეველის ინფორმაციით, კომპანია “მეღვინეობა ვაზიანი“ დღევანდელი მდგომარეობით, ინარჩუნებს ექსპორტის პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს.

“ზრდა გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, სადაც მოლაპარაკებები 2019-2020 წლებში იყო დაწყებული და შედეგი 2021 წელს მოიტანა,“ - აცხადებს მეტრეველი.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი გაზრდილია 2020 წლის, ასევე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, ეს 13%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ 104 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 7%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის 6 თვეში.

გარდა ამისა, ივნისიდან, ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლას ინფორმაცით, ღვინის 62 ნიმუშიდან 6 ექსპორტზე ვერ გავა, - ასეთია 42 საინსპექციო კონტროლი შედეგი. ინსპექტირების შედეგად სწორედ 6 ნიმუში შეფასდა არადამაკმაყოფილებლად და მწარმოებლებს უარი ეთქვა ექსპორტზე.