ბიზნესი
15/03/2022

მეღვინეობა მილდიანი: წარმოებულო ღვინის ნახევარს რუსეთსა და უკრაინაში ვყიდდით

რუსეთ-უკრაინისი ომის გამო, საოჯახო მეღვინეობა „მილდიანი“ ზარალის მოლოდინშია.

კომპანიის თანადამფუძნებელი ელდარ მილდიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის წარმოებული ღვინის ნახევარზე მეტი რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტზე მოდიოდა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ორივე ქვეყანაში ექსპორტი შეჩერებულია, რაც კომპანიისთვის ზარალის მომტანი იქნება.

„მუდმივად ვფიქრობთ ალტერნატიულ ბაზარზე და ეს  ასე უცებ ვერ მოხდება, დრო უნდა. მცირე შეკვეთებს ახლაც ვაგზავნით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ში, კანადაში, თუმცა, ეს საკმაოდ მცირე წილია,“ - აცხადებს მილდიანი.

მისივე განცხადებით, ამჟამად კომპანია 13 დასახელების ღვინოს აწარმოებს.

შეგახსენებთ, „მილდიანი ჯგუფი“ 1991 წელს ძმებმა მილდიანებმა დააფუძნეს. კომპანიის საკუთრებაშია კახეთში, წინანდალში არსებული ღვინის მწარმოებელი ქარხანა, ასევე თანამედროვე ღვინის მარანი გურჯაანის რეგიონში. კომპანიის საკუთრებაშია 100 ჰა ვენახი.

”მილდიანი ჯგუფი” დღეისთვის სხვადასხვა რეგიონში ფლობს ღვინის სამ საწარმოს: ”წინანდლის ძველი მარანი”, ”გურჯაანის ღვინის მარანი” და სუვენირული ღვინოების მინი ქარხანა ”ვაზი-1”. ასევე, მათ მფლობელობაშია სადისტრიბუციო კომპანია ”ლეთრე”, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.