მეღვინეობა "ჩელთის" ღვინოები უკრაინაში Metro Cash & Carry-ს ქსელში შევიდა
მეღვინეობა "ჩელთის“ ღვინოები უკრაინაში, ჰიპერმარკეტ Metro Cash & Carry-ში იყიდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, კომპანიამ დადებითად დაასრულა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის კომპანიასთან, შესაბამისად, „ჩელთი“ მიმდინარე წლიდან იყიდება ყაზახეთის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის რესტორნებსა და სუპერმარკეტებში.
მისი განმარტებით, “ჩელთის“ ღვინოები უკვე გაიგზავნა გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიასა იაპონიაში.
მირიანაშვილის განცხადებით, „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო რესტორან "ესპანეთში", რესტორან „არზაკში“ 2021 წლის ბოლოდან უკვე იყიდება - მეღვინეობა „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო - საფერავი ქვევრის (2015 წლის), რომელიც დეკანტერის ჟიურიმ 2 წლის წინ მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დაასახელა, საფერავი (2008 წლის) და მწვანე ქვევრი (2020 წლის).
მისივე განმარტებით, კომპანიამ „არზაკისგან“ მიიღო წერილი, რომ „ჩელთის“ ღვინოებზე ვიზიტორების მხრიდან დიდი მოთხოვნაა და ესპანეთში რესტორან „არზაკის“ შემდეგ, მიშლენის 3 ვარსკლავის მქონე სხვა რესტორანშიც შევიდეს.
მეღვინეობა „ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.
კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, იტალია.
METRO Cash & Carry Ukraine კი საერთაშორისო სავაჭრო კომპანია METRO AG-ის (სპეციალიზირებულია ძირითადად HoReCa სექტორთან თანამშრომლობაზე) შვილოიბილი კომპანიაა, რომელიც უკრაინის ბაზარზე 2003 წელს შევიდა. კომპანიის პორტფელშია 23 საბითუმო ცენტრი. მათ შორის, კიევში, ოდესაში, ხარკოვში, ლვოვში და ა.შ.
კომპანიამ დაფუძნების დღიდან დღემდე უკრაინაში 600 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.