ბიზნესი
21/02/2023

მეღვინეობა "ჩელთიმ" იაპონიაში ოქროს მედალი მოიპოვა - ანა მირიანაშვილი

მეღვინეობა „ჩელთიმ“ იაპონიაში, ღვინის კონკურს „საკურას“ დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

როგორც გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ კომპანია „ჩელთი“-ს კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანაშვილმა განაცხადა,  ქართული ღვინის ცნობადობა მთელ მსოფლიოში ძალიან გაზრდილია.  მეღვინეობა "ჩელთი" კი  აქტიურად ცდილობს ამაში წვლილი შეიტანოს.

„ჩვენმა 2018 წლის საფერავმა, ოქროს ჯილდო აიღო და მარტში უკვე იაპონიაში, ტოკიოში foodex-ის გამოფენაზე მივდივართ, სადაც პოტენციურ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს უნდა შევხვდეთ.  

ჩვენ აქამდეც ვიყავით იაპონიის ბაზარზე წარმოდგენილი, თუმცა პანდემიის გამო 3 წლის განმავლობაში არ შეგვეძლო აზიაში ჩასვლა „ - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

როგორც მეღვინეობა „ჩელთის“ კომერციული დირექტორი აცხადებს, კომპანიის გაყიდვებს ხელს შეუწყობს ევროპაში არსებული საწყობი,საიდანაც  ევროპის მასშტაბით დისტრიბუცია გამარტივებულია.

შეგახსენებთ, მეღვინეობა „ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი, , მათ შორის: ამერიკა, იაპონია,  შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი,  იტალია.

 

 

 

 

Businesspartner