ბიზნესი
03/11/2021

"მეღვინეობა ჩელთიმ" Amazon-ზე ქართული ღვინის გაყიდვებში პირველი ადგილი დაიკავა

„მეღვინეობა ჩელთიმ“ AMAZON-ზე ქართული ღვინის გაყიდვებში პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიის დროს, კომპანიამ ღვინის გაყიდვები აშშ-ში აქტიურად დაიწყო.

„პანდემიის პერიოდში დავდექით ბევრი გამოწვევის წინაშე და  შესაბამისად, შევცვალეთ  სტრატეგია. აქტიურად დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები. გავაკეთეთ 2 საწყობი გერმანიაში, საიდანაც ევროპაში დავიწყეთ „ჩელთის“ ღვინის რეალიზაცია,“ - აცხადებს მირიანაშვილი.

მისი ინფორმაციით, კომპანია ყოველ წელს ცდილობს მომხმარებელს სიახლეები შესთავაზოს.

„2021 წელს „ჩელთის“  20 წლის იუბილეა, რადგან კომპანია 2001 წელს დაარსა მამაჩემმა გიორგი მირიანაშვილმა. 20 წლის იუბილესთან დავკავშირებით, ვაპირებთ საიუბილეო ღვინის ჩამოსხმას. აგრეთვე ვგეგმავთ მრავალ ღონისძიებას და პრეზენტაციას, როგორც საქართველოში ისე მთელი მსოფლიოს მაშტაბით,“ - აცხადებს მირიანაშვილი.

„მეღვინეობა ჩელთი“  ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 20- ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია,  შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი,  იტალია.