მეღვინეობა ჩელთი: მოლაპარაკებები მიშლენის კიდევ რამდენიმე რესტორანთან გვაქვს
„მეღვინეობა ჩელთის“ ღვინოები, შესაძლოა, ესპანეთში რესტორან „არზაკის“ შემდეგ, მიშლენის 3 ვარსკლავის მქონე სხვა რესტორანშიც შევიდეს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, კომპანიას აქტიური მოლაპარაკებები აქვს.
„დეგუსტაციები მალე დასრულდება და დარწმუნებული ვართ, „მეღვინეობა ჩელთის“ ღვინო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მიშლენის აღიარებულ რესტორნებში. ახლო მომავალში ვფიქრობთ, ჩვენი ღვინოები ბასკეთის 2 სხვა რესტორანში დაემატება,“ - აცხადებს მირიანაშვილი.
„მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო რესტორან „არზაკში“ დაახლოებით 2 კვირაა უკვე იყიდება - მეღვინეობა „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო - საფერავი ქვევრის (2015 წლის), რომელიც დეკანტერის ჟიურიმ 2 წლის წინ მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დაასახელა, საფერავი (2008 წლის) და მწვანე ქვევრი (2020 წლის).
შეგახსენებთ, რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.
რაც შეეხება „ჩელთის“, კომპანია ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე "მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.
კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, იტალია.