მეღვინეობა ჩელთი: "არზაკში" ქართული ღვინის სექცია დღემდე არ არსებობდა
ქართული ღვინო პირველად შევიდა ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში. შესაბამისად, „არზაკში“ „ჩელთის“ ქართული ღვინოები უკვე იყიდება.
რა გზა გაიარა კომპანიამ ასეთ წარმატებამდე და რა კრიტერიუმები დააკმაყოფილა კომპანიის ღვინოებმა - ამ საკითხზე “ბიზნესპარტნიორთან“ „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, ქალაქ სან სებასტიანში გაიმართა დეგუსტაცია- პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იყვნენ ბასკეთის ყველაზე წარმატებული სომელიეეები და მიშლენის ვარსკვავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლები.
როგორც მირანაშვილი აცხადებს, „მეღვინეობა ჩელთის“ ღვინოებმა დეგუსტაციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. „მოწვეულმა სტუმრებმა ჩვენი ღვინო მათი რესტორნების ღვინის მენიუში დასამატებლად აირჩიეს. სამწუხაროდ, 2020 წლის თებერვალში პანდემია დაიწყო და აღნიშნული ადგილები დიდი ხნით დაიკეტა. როგორც კი ესპანეთში პანდემია დასრულდა, განახლდა კომუნიკაცია ჩვენს შორის და ჩელთის ღვინო ოფიციალურად დაემატა მიშლენის 3 ვარსვლავის მფლობელ რესტორან „არზაკში“, - აცხადებს მირიანაშვილი.
„ჩელთის“ კომერციული დირექტორის განცხადებით, ეს დიდი წარმატებაა, როგორც კომპანიისთვის, ისე ზოგადად ქართული ღვინის სექტორისთვის. აღსანიშნავია, რომ დღემდე „არზაკის“ ღვინის ბარათში ქართული ღვინის სექცია არ არსებობდა.
შეგახსენებთ, რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.
რაც შეეხება „მეღვინეობა ჩელთის“, კომპანია ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.
კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, შვეიცარია, ჩინეთი, ყაზახეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, იტალია.