ბიზნესი
09/08/2021

მეგასპორტი: უფლება არ მაქვს თანამშრომელს ვაქცინაცია მოვთხოვო, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღეს დაწესებულ რეგულაციებს ეფექტი არ ექნება და ის არასაკმარისია.

„თუ გაკეთებაა, ისეთი რამე უნდა გაკეთდეს, რასაც რეალურად შედეგი მოჰყვება. ქორწილის გადახდა ახლა სიგიჟეა, მაგრამ ის რაც საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გააკეთა, რომ რესტორანში თუ აცრილი არ ხარ ვერ დაჯდები, მგონი, ამ გზით უნდა წავიდეთ. პირველად ცოტა მტკივნეული იქნება, თუმცა გადალახავთ. ანტივაქსერული მიდგომების დრო ახლა არ არის,“ - აცხადებს ჩხეიძე.  

მისი განცხადებით, დღეს ქვეყანამ რეალური პრობლემის აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს.

„მხოლოდ ორჯერ აცრილები უნდა დაიშვებოდნენ შიდა სივრცეებში. სხვა გამოსავალი არ არის. მე როგორც ხელმძღვანელს, არანაირი უფლება არ მაქვს ჩემს თანამშრომელს მოვუწოდო და აცრისკენ მივუთითო, მაგაზე შეიძლება მიჩივლოს, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მიიღონ კანონი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს. ის, რომ კორპორატიული ეთიკის ნორმები ირღვევა და სხვას რისკის ქვეშ აგდებენ, ამაზე არავინ ფიქრობს,“ - აცხადებს ჩხეიძე.

შეაგახსენებთ, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესა. მაგალითად, რესტორნები ქორწილის მასპინძლობისთვის ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ დაიხურებიან, - დაწესებული რეგულაციების აღსრულება კი  მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება.

არსებული რეგულაციით, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, გაჩერებებზე. დანარჩენ ღია სივრცეში კი, რეკომენდირებული იყო.