მეფრინველეობის ასოციაცია: მთავრობის დახმარების გარეშე, იანვრიდან კვერცხი ისევ გაძვირდება
მეფრინველეობის სექტორი ახალი წლიდან კვერცხის ფასების მორიგ მატებას არ გამორიცხავს.
როგორც „კუმისის“ დამფუძნებელმა, „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ფასების მატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორისაა, ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის ღირებულების ზრდა, ასევე საწვავის გაძვირების ფონზე ლოგისტიკური ხარჯების მნიშვნელოვანი მატება და კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა.
როგორც უჩუმბეგაშვილი განმარტავს, საქართველოში დეკემბერში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამაც სრულდება, შესაბამისად, სექტორს 1 კვტ/საათზე 16 თეთრის ნაცვლად, 31 თეთრის გადახდა მოუწევს. ძვირდება ბუნებრივი აირის გადასახადიც. მისი თქმით, ბიზნესისთვის ამ კომპონენტის ზრდა საკმაოდ დიდი წნეხი იქნება.
„ყოველ დღე დაძაბულები ვართ, რადგან კვირაში ერთხელ რუსეთი ხორბალზე, სიმინდზე, ზეთსა და სოიოზე ცვლის გადასახადის ოდენობას. ამას ემატება ყველაფერზე ფასის ზრდა, შესაფუთი მასალიდან დაწყებული, საწვავით დასრულებული. თანამშრომლებმაც ხელფასების ზრდა მოითხოვეს, ხალხი ვეღარ ცხოვრობს იმ შემოსავალზე, რაც ჰქონდათ. ასეთ მოცემულობაში ძნელია ფასის შენარჩუნება. არ გვინდა და ყველანაირად ვცდილობთ კვერცხზე ფასის შენარჩუნებას, თუმცა, ახალი წლიდან ეს საკითხი რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.
„კუმისის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თუ მთავრობის მიერ არ მოხდა ჩარევა და რაიმე ფორმით მეფრინველეების მიმართ დახმარება, ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.
„მთავრობას ჰქონდა პურთან და ხორბალთან მიმართებაში სუბსიდირების პროგრამა. იქნებ შესაძლებელი იყოს ფრინველის გამოკვებისთვის საჭირო მარცვლეულის ან სუბსიდირება ან რაიმე ფორმით შეღავათის დაწესება. ფასის მომატება მწარმოებელს არ აწყობს, იმიტომ კი არა, რომ ანგელოზები ვართ. მომატებულ ფასზე გაცილებით ნაკლები პროდუქცია იყიდება, ყველა მწარმოებელი რაოდენობრივ გაყიდვაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ფასის მომატება არ აწყობს,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.
მისი ინფორმაციით, „კუმისში“ ბოლოს ფასები დაახლოებით 1 თვის წინ გადაიხედა.
„ამჟამად ჩვენი ფასი 1 ცალ კვერცხზე 27-38 თეთრია. დღეს ქვეყანაში მეფრინველეობის 50 ქარხანაა, აქედან ზოგიერთმა შეიძლება ბოლო რამდენიმე კვირაა გააძვირა პროდუქცია, მაგრამ ასოციაციის წევრ კომპანიებში ბოლო 1 თვეა ფასი არ გადახედილა,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.