ბიზნესი
10/04/2022

მეფრინველეობის ასოციაცია: მოსახლეობამ პროდუქცია თუ ვერ იყიდა, აწარმოე და იყავი

რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემები მეფრინველეობაშიც შექმნა. ქათმის საკვებ ძირითად პროდუქტებზე ფასები ომის გამო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შედეგად გაძვირდა ქათმის ხორცი და კვერცხი.

როგორც „კუმისის“ დამფუძნებელმა და „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, შექმნილი სიტუაციის გამო, ზოგიერთ მწარმოებელს აღარ უღირს წარმოება და ბაზრიდან გასვლას განიხილავს.

„კომპანია „კუმისი“ არ დაიხურება, თუმცა, ბაზარზე ეს ტენდენცია არის. პრობლემა ჯერ უამინდობამ შექმნა, მეზობელ ქვეყანასთან საზღვარი თითქმის 21 დღე თოვლის გამო ჩაკეტილი იყო. მარცვლოვანზე შექმნილმა დეფიციტმა პანიკა შექმნა და არსებულ ნაშთებზე ფასი გაიზარდა. ხორბალი და სიმინდის ფასები გაორმაგდა, ჩვენი ინდუსტრია კი ამას ვერ მიყვა. პროდუქცია გაძვირდა, თუმცა, ორმაგად - არა.

ამ დროს იძულებული ხარ, დათვალო წარმოება მომგებიანია თუ არა. ახლა ამინდის თვალსაზრისით სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა, საომარი მდგომარეობაა რეგიონში. ფასები კი იგივე დარჩა,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, თუ პანდემიამდე 1 კილოგრამი  მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი) ფასი  0.65 ლარს შეადგენდა, ახლა  მისი ღირებულება 1.20 ლარამდეა გაძვირებული. გაძვირებულია შესაფუთი მასალები და კომუნალური გადასახადი.

„საკვების წილი თვითღირებულებაში 70%-ია, ელექტროენერგიაზე გადასახადი გაგვიორმაგდა, გაზი 25%-ით გაგვიძვირდა, გაძვირებულია საწვავიც, დისტრიბუცია ხომ საჭიროა, სიმინდს და ხორბალს ჩამოტანა ხომ უნდა? ასეთ სიტუაციაში ბევრი მეწარმე წარმოების დახურვაზე ფიქრობს,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ბუნდოვანი მოლოდინებია. „სექტორში მუსირებს აზრი, რომ შექმნილი ვითარების შედეგად შესაძლოა ქათმის თვითღირებულება ისე გაიზარდოს, რომ წარმოებას აზრი არ ჰქონდეს. მოსახლეობამ თუ ვერ იყიდა, აწარმოე და იყავი, კილოგრამი ქათმის ფასი 10 ლარს გასცდება. ზოგიერთ შემთხვევებში უკვე ღირს 12-13 ლარი,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, ყაზახეთმა ოფიციალურად შეაჩერა მარცვლეულის ექსორტი. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ჩვენ შეგვეძლო  ამ ქვეყნიდან წამოგვეღო ხორბალი, აღარ განიხილება. უკრაინის მიმართულება გაჩერებულია და რჩება რუსეთი, თუ ეს ბაზარიც არ იქნა, რჩება საქართველოში წარმოებული მარცვლეული, რომელიც საკმაოდ მცირეა.

„ქართული მოსავალი ბოლო პერიოდში გვაკმაყოფილებდა მხოლოდ 10%-ით, 90% იმპორტი იყო. თუ რუსეთმა ჩაკეტა ექსპორტი და ჩვენ ვერ შემოვიტანეთ, ხომ წარმოგიდგენიათ  ადგილობრივი წარმოების სიმინდი თუ ხორბალი რა ეღირება. რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, ევროპული ხორბალი ძალიან ძვირია და ლოგისტიკაც გართულებული იქნება. ერთი სიტყვით, ნათელი მომავალი არ გვაქვს,“-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.