მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება. ლაბორატორია შეისწავლის როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ისაუბრა.
„იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც შეისწავლის, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს. ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევდა ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერი იყო მედიკამენტის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის.
წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მომზადებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარდა ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოთხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინტენსიური, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მანვე GMP სტანდარტის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით, ქვეყანაში არ არსებობს ფარმაცევტული საწარმო, თუ სადისტრიბუციო გარემო, და მათი უმეტესი ნაწილი ჯი-ემ-პი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP ინსპექტირების პროცესი მეტად ინტენსიური გახდება, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო პროპორციული ზომები. ჯი-ემ-პი პრაქტიკის არსებობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს „პიკის“ გაერთიანების წევრი, სადაც მედიკამენტების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების ქვეყნებია წარმოდგენილი. ამ გაერთიანების წევრობით გაიზრდება ეროვნული წარმოების მედიკამენტების საექსპორტო შესაძლებლობები“,- თქვა მინისტრმა.