ბიზნესი
14/04/2022

MDP: ვალუტის არასტაბილურობის დროს ძალიან რთულია გადარჩენა

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ  კომპანიას ლარის კურსის ცვალებადობა საკმაოდ აზარალებს.

„ჩვენ რომ საქმიანობა დავიწყეთ, იმის შემდეგ ვალუტა ორჯერ გაუფასურდა. ცუდი რაც არის, ესაა რყევა, არასტაბილურობა. ამის მიუხედავად, ჩვენ  მოწოდების ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ, კლიენტს ვერ ვეტყვით, რომ შპრიცი ან ხელთათმანი გაგვითავდა.

0,4-იანი ცვლილება ძალიან დიდი თანხაა, როდესაც ასეულ ათასობით დოლარზეა საუბარი. ეს განსხვავება ჩვენთვის წაგებაა.

დოლარის კურსის ზრდის პროპორციულად  კი ფასები ბაზარზე არ იზრდება. ჩვენთვის სავალუტო რყევები შტორმია, ამ დროს ძალიან რთულია გადარჩენა,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა ხელშეკრულებებში სარეზერვო კურსი, ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მსგავსი სქემა ამ სექტორში ვერ მოქმედებს.

„როგორც წესი, ჩვენს სფეროში ხელშეკრულებები ნაკლებად ფორმდება. კლინიკები შესყიდვის წინ ბაზრის კვლევას აკეთებენ, იციან მომწოდებლები და ვინც უკეთეს ფასს მისცემს, იმ მომენტში იმისგან შეისყიდიან. სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა კერძოა, შესაბამისად, აქ ტენდერებით არ ხდება შესყიდვა, ჩვეულებრივი კონკურენციაა. ამიტომ ჩვენთვის სავალუტო კურსის სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “-აცხადებს ლიპარტელიანი.

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP ბაზარზე 2014 წლიდანაა. კომპანია საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ქირურგიულ ცენტრებს, ესთეტიკურ ცენტრებს და ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით (ავეჯი, აპარატურა,სახარჯი მასალა, მედიკამენტები) ამარაგებს.

jandacva.ge