ბიზნესი
27/01/2022

მავნე ნივთიერებების გამოფრქვევაზე რუსთავში საწარმოების მონიტორინგი დაიწყო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის გამკაცრება რეგულაციებს უკავშირდება, რომელიც 2021 წლის 1 ივნისიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით საქმიანობის სუბიექტს ავალდებულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა.

კომპანიები რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ადასტურებს. კომპანია "რუსელოისის" ფერაშენადნობთა საწარმოში სტუმრობისას მინისტრი მოადგილემაც დაადასტურა.

ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ საწარმო 2020 წელს 5-ჯერ შემოწმდა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ვალდებულების დარღვევისთვის დაჯარიმდა. მისივე თქმით, შემოწმება განხორცილდა 2022 წლის 25 იანვარსაც და შესაბამისი ოქმიც შედგა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსხვილი საწარმოს ხარვეზები აქვს იდენტიფიცირებული და თითოეულ მათგანზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა კანონი, რომელმაც საწარმოებს დაუწესა უმნიშვნელოვანესი ვალდებულებები, მათ შორის, ონლაინმონიტორინგი - რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს თითოეული მათგანი ატმოსფერულ ჰაერში. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად ყველა მსხვილ საწარმოს უწევს ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება, რათა შემცირდეს მავნე ნივთიერებების გაფრქვევა", - განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიამ უკვე შემოიტანა დანადგარები და ამ ეტაპზე, უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მიღებას, რათა დაიწყოს ასპირაციის სისტემის მოწესრიგება.

"ეს პროცესიც და მონიტორინგის კამპანიაც ემსახურება მთავარ მიზანს - საწარმოებმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლონ ვალდებულებების შესრულება და შედეგად მივიღოთ გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სახელმწიფოს, წლის მეორე ნახევრიდან, აღარ მოუწევს კომპანიის „რუსელოისის” დაჯარიმება, რადგან გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია და  დაახლოებით, 2-3 თვეში, საწარმოში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ჰაერის გამწმენდი სისტემა ახალი ფილტრაციით.

„დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც ჰაერის გაფრქვევის ზღვრულად გადაჭარბების ნორმებთან კავშირში იყო, დაჯარიმებულია. პროცესი გრძელდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩაეტიოს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და მივიღოთ შედეგი“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქში ჰაერის ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე აღნიშნა და განმარტა, რომ საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება საწარმოების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვადებთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა განაპირობა.

 

Businesspartner