ბიზნესი
17/03/2022

მარნეულის სასურსათო ქარხანა: რუსეთ-უკრაინის ბაზარზე ჩვენი გაყიდვების 6% მოდიოდა

„მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა  "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს კომპანიის გაყიდვებზე დიდი გავლენა არ ექნება. მისი განცხადებით, ჯამურად, ორი ქვეყნის წილი  მთლიანი გაყიდვების 5-6%-ია.  

„ეს პროდუქცია, რაც ამ ორ ქვეყანაზე გვქონდა განსაზღვრული, ალბათ ზედმეტობაში დაგვრჩება. ვეძებთ პარტნიორ ქვეყნებს და ვნახოთ,“ - აცხადებს ცუკილაშვილი.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე გაძვირებულ შაქარს და მის შესაძლო გავლენას პროდუქციის თვითღირებულებაზე, ცუკილაშვილი აცხადებს, რომ „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ამ დრომდე  შაქრის ნაშთებით მუშაობს, რომელიც ძველი ფასითაა შესყიდული.  შესაბამისად, შაქრის გაძვირება ამ ეტაპზე პროდუქციისს ფასზე გავლენას არ მოახდენს.

ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს. 

წარმოებული პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა, რომელიც აქტიურად იყიდება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე.

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში 30 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. 

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს.