"მარნეულის სასურსათო ქარხანა" მინის ტარის იმპორტს თურქეთიდან განიხილავს
რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ კომპანიებს მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა.
„მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რომ ამ დრომდე კომპანია მინის ტარის ნაწილს უკრაინიდან და რუსეთიდან, ნაწილს კი ადგილობრივად, სს "მინას" ქარხნისგან ყიდულობდა.
დღეს რუსეთისა და უკრაინიდან ტარა ვერ შემოდის, ადგილობრივი წარმოება კი „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საჭიროებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
როგორც ცუკილაშვილი აღნიშნავს, კომპანია ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესშია.
„ძირითადად, გვჭირდება ისეთი ქილები, რომელსაც სს „მინა“ არ აწარმოებს. განვიხილავთ თურქეთის ბაზარს,“ - აცხადებს ცუკილაშვილი.
ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს.
წარმოებული პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა, რომელიც აქტიურად იყიდება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე.
შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა. კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.
ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში 30 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს: Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.
ნედლეულის ნაწილს ქარხანა პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს.