ბიზნესი
08/09/2021

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" 2022 წელს ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2022 წელს ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განუცხადა, განიხილება არსებული ასორტიმენტის დაახლოებით 20%-ით ზრდა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციების მოცულობას კომპანიის დირექტორი ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს. 

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, პანდემიასთან დაკავშირებული პროცესებიდან გამომდინარე, კომპანია ამ დროისთვის არსებული გაყიდვების შედეგებით კმაყოფილია.

„ასორტიმენტი გადავახალისეთ, ზოგ პროდუქციას აღარ ვაწარმოებთ, ზოგი ახალი დავამატეთ. საბოლოო ჯამში, გაყიდვების მაჩვენებელი იდენტურია პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელს აინტერესებს ეს სეგმენტი ალბათ და ამ მხრივ თანხას არ ზოგავს,“ - აცხადებს ცუკილაშვილი.

მისი ინფორმაციით, წარმოებული პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა, რომელიც აქტიურად იყიდება ევროპის და აშშ-ის ბაზარზე.

„ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზეც, თუმცა, ამ დროისთვის სიახლე არაფერია. მუშა პროცესია, მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან,“ - აცხადებს ცუკილაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამომავლოდ წარმადობის გაზრდა, ცუკილაშვილი განმარტავს, რომ ეს შეკვეთებზეა დამოკიდებული. 

შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ადგილმდებარეობის გამო, მარტივდება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა. 

თანამედროვე საწარმოში 30 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. 

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს.