„მარლეტა“ აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებს
ყველის მწარმოებელი კომპანია „მარლეტა“ პანდემიის შედეგად აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ცაგურიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კახეთში წარმოებული ყველი ძირითადად რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებსა და სპეციალიზირებულ ყველის მაღაზიებში იყიდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი მყიდველი Horeca-ს სექტორია, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად,მოვნახეთ პროდუქციის რეალიზების ალტერნატიული გზები. სულ რაღაც 10 დღეა, რაც ონლაინ პლატფორმა, marleta.ge-ზე განთავსდა პროდუქცია.ვიმდოვნებთ, რომ პროექტი გაამართლებს და გაყიდვების მაჩვენებელიც გაიზრდება. ონლაინ მაღაზიაში რამდენიმე დღეში დაემატება კახური ზეთი და გუდის ყველიც. ასევე ვგეგმავთ იტალიის და საფრანგეთის გლეხურ მეღვინეობებში დამზადებული, ექსკლუზიური და არამასიური ყველის ჩამოტანასაც.“-აცხადებს ცაგურია.
მისი ინფორმაციით, კომპანია ყველის 10 სახეობას აწარმოებს, რომელიც არატრადიციული ტექნოლოგით მზადდება და განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს მოითხოვს.
„თხისა და ძროხის რძეს ვიბარებთ ერთი ფერმერისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიაც და დამატებული ინგრედიენტები განსაკუთრებულს ხდის ყველს, საშუალო ფასი 25– 55 ლარია. დამზადებას დაახლოებით 1–3 თვემდე პერიოდი სჭირდება. დაძველება კი სპეციალურ კლიმატურ პირობებში ხდება.“– აღნიშნავს ცაგურია.
„მარლეტა“ კახეთში, კერძოდ სოფელ შალაურში 2010 წლიდან არსებობს.დღიური წარმადობა 10-15 კილოგრამი ყველია.