მარჯანიშვილის თეატრი: შემოსავლები შემცირებულია და ეს სერიოზული პრობლემაა
კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის ამოქმედებას თეატრის შემოსავლებზე ნეგატიურად არ უმოქმედია.
მისი განცხადებით, მაყურებელი ისევ ისეთი აქტიურია და ყიდულობს ბილეთებს, როგორც 1-ელ დეკემბრამდე. მაზმიშვილის განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ მაყურებელი აქტიურია, თეატრის შემოსავალი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია.
„ჯერ ერთი, ყოველდღე არ ვმუშაობთ. პანდემიამდე კი სპექტაკლები ყოველდღე გვქონდა. განახევრებული და გამესამედებული დარბაზია ზოგჯერ, სპექტაკლებიდან გამომდინარე. ახლოსაც არ მივა, რაც იყო. ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა,“ - აცხადებს მაზმიშვილი.
მისივე განცხადებით, ზაფხულში მარჯანიშვილის თეატრი ტრადიციული შენობიდან გავიდა და სპექტაკლები გარე სივრცეებში ჩაატარა. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი აცხადებს, რომ პროექტმა იმუშავა, თუმცა, ეს სეზონური იყო.
შემცირებული ფინანსების შედეგად დადგება თუ არა ახალი სპექტაკლების დადგმა რისკის ქვეშ, მაზმიშვილი განმარტავს, რომ რაც არ უნდა შემცირებული ფინანსები იყოს, არცერთი თეატრი პრემიერის გარეშე არ იქნება.
„თუ ახალი სპექტაკლი არ დაიდგა, მაშინ თეატრის ცხოვრება არ არის შესაბამისი. თეატრისთვის მთავარი პრემიერაა, ამისთვის ყოველთვის ემზადება. ჩვენ პანდემიის პერიოდში უკვე მეოთხე პრემიერა გვაქვს, დაგვეხმარნენ სპონსორები (მათ შორის, თბილისის მერია) და საკუთარი შემოსავლები,“ - აცხადებს მაზმიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.
1-ელი დეკემბრიდან კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.