ბიზნესი
23/06/2021

მარგი: პური რუსეთში გაძვირდა და ფასმა ჩვენთან რომ მოიმატოს, რა გასაკვირია?!

მთავრობის გადაწყვეტილებას, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, „ბიზნესპარტნიორთან“ ფქვილის იმპორტიორი კომპანია „მარგის" ხელმძღვანელი ნუგზარ ღონიაშვილი აფასებს.

მისი განცხადებით, ფქვილის სუბსიდირება სწორი გამოსავალი არ იყო, შესაბამისად, ახლა მისი შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

„სუბსიდირების შემდეგ, წისქვილები 1 ტომარა ფქვილს, 53 ლარად ყიდდნენ. სუბსიდირების თანხა კი 1 ტომარაზე 20 ლარს შეადგენდა.  ფაქტობრივად, ისინი 1 ტომარა ფქვილს 73 ლარად ყიდდნენ, მაშინ როდესაც, ჩვენს შემთხვევაში 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი 63-64 ლარს შეადგენდა. რა საჭირო იყო ეს? 

მესმის, რომ ცუდია ფასების ზრდა, არამარტო პურზე, არამედ ყველაფერზე. ის თანხა კი რაც სუბსიდირებაზე დაიხარჯა, ჯობდა უფრო ოპტიმალურად გამოყენებულიყო.  დახმარებით ესარგებლა იმას, ვისაც უფრო სჭირდებოდა. გამოდის, რომ მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყო ფასშენარჩუნებული პური, არადა შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი ყიდულობდა, ვისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა პური 5-10 თეთრით ძვირი ეღირებოდა თუ იაფი,“-აცხადებს ღონიაშვილი.  

კითხვაზე, რომ არა სუბსიდირება, შენარჩუნდებოდა თუ არა პურზე ფასი, იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  სუბსიდირების გარეშე, ისევე როგორც სხვა პროდუქტები, ესეც გაძვირდებოდა. თუმცა, არა ისეთი პროცენტით, როგორც მაგალითად ზეთი, რომლის ფასი გაორმაგდა.  

„რუსეთში, რომელიც ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, პური გაძვირდა. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდაა. რუსეთში გაძვირდა და საქართველოში რომ მოიმატოს ფასმა ეს გასაკვირია? ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ შეუძლია საქართველოს, დაეხმაროს იმ ხალხს ვისაც სჭირდება,“ - აცხადებს ღონიაშვილი.

მისი ინფორმაციით, მსგავსი მიდგომები დარგში კონკურენციას კლავს. გრძელვადიანი სუბსიდირება საშველი არ არის. ღონიაშვილის ინფორმაციით,თუ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ გაიაფდა, ჩვენთან 1 ტომარა ფქვილი 53 ლარი არასდროს ეღირება.

როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ გაგრძელდება.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ერთი ტონა ხორბლის ფასი და 280-დან 255 დოლარამდეა შემცირებული. მოლოდინია, რომ ფასი შემცირდება 250 დოლარამდე. ამ კლებამ საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე გააიაფა.

„სამიზნე ფასამდე, 53 ლარამდე, რომელიც მეპურეების თქმით, საჭიროა იმისთვის რომ პური არ გაძვირდეს დარჩენილია 7 ლარი,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. დღეს კი ლარი მყარდება, რუსულ ბაზარზე კი ახალი მოსახლის მოლოდინში, ხორბლის ფასები მცირდება.