ბიზნესი
29/04/2022

მამუკა ხაზარაძე: "ბორჯომის" აქციები სახელმწიფომ "ალფა ჯგუფისგან" უნდა გამოისყიდოს

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კომპანია IDS ბორჯომის წარმოების დროებით გაჩერების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა.
“ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.
 
გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
 
მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა,"-წერს ხაზარაძე. 
 
შეგახსენებთ, კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს.  კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.