"მაკარონი ქართული" იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს
ქართული მაკარონის მწარმოებელი კომპანია „გრანდ კახეთი“, რომელიც პროდუქციას “მაკარონი ქართულის“ ბრენდით უკვე ერთი წელია აწარმოებს, იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს.
კომპანიის დირექტორი პაატა მამისაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ „გრანდ კახეთი“ 5 სახეობის პროდუქტს - მაკარონს და ვერმიშელს აწარმოებს. მათ შორის, 20-კილოგრამიან, 5-კილოგრამიან და 900- გრამიან შეფუთვებში.
პროდუქცია მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან ყოველგვარი დამატებითი მინარევების გარეშე. პროდუქცია ასაწონია და სუპერმაკეტების „ნიკორას“, „ლიბრეს“ და „ზღაპარის“ ქსელში იყიდება.
მამისაშვილის ინფორმაციით, კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სომხეთთან აწარმოებს.
მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე კომპანია წარმადობის გაორმაგებას (24 საათში 10 ტონა) და მაკარონის 15 სახეობამდე გაზრდას გეგმავს. მათ შორის, წლის ბოლომდე შესაძლოა ე. წ სპაგეტის წარმოებაც დაიწყოს.
„გრანდ კახეთის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას მაკარონისთვის საჭირო ნედლეული, უმაღლესი ხარისხის ფქვილი რუსეთიდან შემოაქვს.
მამისაშვილი განმარტავს, რომ ამ დრომდე რუსეთიდან ფქვილის იმპორტი უპრობლემოდ ხორციელდება, თუმცა, კომპანია ალტერნატიულ ბაზრად ყაზახეთს განიხილავს.
„გუშინ შემოვიტანეთ 4 მანქანა, დაახლოებით 100 ტონა ფქვილი. მეორე ნაწილი გზაშია. პრობლემაა ის, რომ რუსეთში ფქვილი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა, რამაც პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა. შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 10%-ით გაძვირება მოგვიწია,“ - აცხადებს მამისეიშვილი.
მისი განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი ვერც რაოდენობას აკმაყოფილებს და თან მაღალი ფასი აქვს, რაც კომპანიისთვის ხელსაყრელი არ არის.
მისი ინფორმაციით, ქარხანაში, რომელიც მარტყოფის გადასახვევთან მდებარეობს, დაახლოებით ₾0.5 მლნ-მდე ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის ქარხანა თანამედროვე ევროპული დანადგარებით მუშაობს.