მაღაზიათა ასოციაცია თამბაქოს ახალი რეგულაციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს
ქართულ მაღაზიათა ასოციაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ნაწილს აპროტესტებს და საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის აღძვრას გეგმავს. საქმე ეხება 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას რომლის მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მთავრობის მიერ დაკვირვებით უნდა იქნეს გამოკვლეული და პროპორციულად უნდა იქნეს შეფასებული თამბაქოს მოხმარების შემცირებით გამოწვეული სიკეთე და ის ზიანი რაც შეზღუდვებით ამ სფეროში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას და შესაბამისად, ბიუჯეტს და მეწარმეებს ადგებათ.
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო სექტორის სავაჭრო ობიექტების ფინანსური საშუალებების დიდ ნაწილს შეადგენს თამბაქოს მომწოდებლებთან თანამშრომლობა. კერძოდ, თამბაქოს თაროების გაქირავებით მიღებული შემოსავალი. ამ სექტორის ობიექტების არსებითი ნაწილი სწორედ აღნიშნულ შემოსავალზეა დამოკიდებული. შემოსავლის ამ წყაროს გარეშე ისინი იძულებული გახდებიან უბრალოდ შეწყვიტონ საქმიანობა. ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის ზოგად პოლიტიკას თამბაქოს სფეროს რეგულირებასთან დაკავშრებით, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის უარყოფითი ეფექტი, რამაც შეიძლება იქონიოს გავლენა მცირე და საშუალო სეგმენტის სავაჭრო ობიექტებზე. განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ცვლილებების უკვე გაცხადებულ შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელება, რადგან, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამ სეგმენტის სავაჭრო ობიექტების ძირითადი რესურსი ისედაც პანდემიასთან დაკავშირებულ საჭიროებებთან ადაპტაციას მოხმარდა და ამ ეტაპზე ყოველგვარი დამატებითი თავისუფალი სახსრების გარეშე არიან დარჩენილნი. აღნიშნული რეგულაციების განხილვისას აუცილებლად მიგვაჩნია სწორედ მცირე და საშუალო სექტორის სავაჭრო ობიექტების ინტერესების წამოწევა, რადგან აღნიშნული ობიექტები ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათთვის კრიტიკულად აუცილებელია შეზღუდვების მოხსნის შემდგომ კიდევ გარკვეული პერიოდი დამატებითი შეზღუდვების გარეშე, რათა შეძლონ ამოწურული რესურსების აღდგენა და ახალ რეგულაციებთან გამკლავება,“ - ამბობს “ქართულ მაღაზიათა ასოციაციის” წარმომადგენელი სანდრო სუბელიანი.
პოზიციას იზიარებენ საქართველოში თამბაქოს პროდუქციის იმპორტიორები.
„მაღაზიათა ინფორმაციით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის დარღვევისთვისაც სანქცია კოლოსარულ თანხას - 2000 ლარს წარმოადგენს. დღემდე არსებული ერთ-ერთი რეგულაცია არის თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობა, რომელიც თავად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვისაც ბუნდოვანი იყო და ხშირად უსაფუძვლო ჯარიმებითაც გამოირჩეოდა, რადგან არ იყო კანონში ზუსტი მითითება, თუ რა პერიმეტრზე, ან რა ფორმით იზღუდებოდა თამბაქოს ნაწარმის ხილვადობა ობიექტის გარედან და მუდამ სადავო საკითხად რჩება მაკონტროლებელი ორგანოს შეფასება ხილვადობასთან დაკავშირბეით, ანუ, ობიექტურად რა კატეგორია არის ეს ხილვადობა დაუდგენელია. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ძალაში შევიდა კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, რომლისთვისაც, ასევე, ჯარიმის თანხა წარმოადგენს 2000 ლარს. რეგულაციების სწრაფი ამოქმედება და მისი სრული სიმკაცრიდ სანქცირება, მაღაზიებს ისევ და ისევ მძიმე ტვირთად აწვებათ, მაშინ როდესაც პანდემიური ვითარების ფონზე, ძალიან ბევრი ობიექტი თავის გადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობენ მოერგონ რეგულაციებს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი დაჯარიმება და შემდგომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის ფონზე მათი დახურვა,“- განმარტავს „თ&რ დისტრიბუშენის“ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.