ბიზნესი
06/02/2021

Luca Polare: შემცირებული რესურსითა და მასშტაბით მივყვებით სამოქმედო გეგმას

Luca Polare–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიურ სიტუაციაზე საუბრობს.

„2020 წლის ბიზნეს გეგმას ვერც კი მივუახლოვდით. პირველი ლოკდაუნის დროს მუშაობა გავაგრძელეთ 4 ფილიალით, მთელი სისტემა, როგორც შიდა საოპერაციო, ასევე ფილიალები, გადაეწყო ახალ რეგულაციებზე. როგორც კი შემსუბუქდა რეგულაციები, ფაქტობრივად ყველა ფილიალი გავხსენით გარდა მოლებისა და ლესელიძისა, რადგან ტურისტების არ ყოფნამ უმოქმედო გახადა ეს ლოკაცია. შევინარჩუნეთ თანამშრრომლები და გავაგრძელეთ მიტანა-გატანის სერვისით მუშაობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ რთულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყი, "ლუკა პოლარე" რჩებოდა „ბედნიერების წერტილად“ – აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.

მისივე თქმით, კომპანიის სწორი მენეჯმენტისა და ერთგული მომხმარებლების დამსახურებით Luca Polare-მ ეს რთული პერიოდი საკმაოდ კარგად გადაიტანა და პირველი ლოკდაუნის დროს თბილისში ახალი ფილიალიც კი გახსნა.

„სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს გაფართოებას და სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლისთვის. დავამატეთ ნაყინის ახალი სახეობები, შემოვიტანეთ ახალი მიმართულებები, პურ-ფუნთუშეული, სნექები და ა.შ. შემცირებული რესურსით და მასშტაბებით მივყვებით სამოქმედო გეგმას," – აცხადებს Luca Polare–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

Luca Polare-ს საქართველოს მასშტაბით სულ 18 ფილიალი აქვს, აქედან რამდენიმე სეზონური, ბათუმსა და ქობულეთში.

Businesspartner