ბიზნესი
02/04/2021

Luca Polare რუსთავში ახალ ფილიალს მაისის დასაწყისში გახსნის

Luca Polare-ს რუსთავის ფილიალი მაისის დასაწყისში საზეიმოდ გაიხსნება.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა განუცხადა, რუსთავი წლებია ელოდება Luca Polare-ს, სადაც ფილიალის გახსნა წინა წელს იგეგმებოდა და პანდემიური სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა.

„რუსთავს სრული ფორმატის კაფე–სანაყინე ექნება, რაც გულისხმბს შიდა და გარე დასასხდომ სივრცეს, ტერასას. მდებარეობს ქალაქის მთავარი მოედნის კუთხეში, ერთ–ერთ ისტორიულ შენობაში. ძალიან კარგი ადგილია და ვფიქრობ, რუსთავს გაალამაზებს. ფილიალში დასაქმდება 10–მდე ადგილობრივი კადრი, რომელიც უკვე შერჩეულია და ამ კვირაში დავიწყებთ მათ გადამზადებას.

რუსთავის გარდა, წლის გეგმაშია კიდევ ერთი ფილიალის გახსნა, ერთ–ერთ ახალ ქალაქში, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებთ, თუმცა მომხმარებლის მხრიდან დიდი მოლოდინია და დარწმუნებული ვართ ბევრს გავახარებთ. შეიძლება ითქვას, ეს წელი რეგიონალურ განვითარებას დაეთმო,“ - აღნიშნავს, ანი ციცქიშვილი.

ამ ეტაპზე Luca Polare-ს ყველა ფილიალი გახსნილია და მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ბათუმში, სადაც სანაპიროს ფილილები მაისიდან გაიხსნება. Luca Polare-ს საქართველოს მასშტაბით, რუსთავის გარდა, სულ 18 ფილიალი აქვს, აქედან რამდენიმე სეზონური, ბათუმსა და ქობულეთში.

„შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ისეთ ლოკაციებზე, სადაც გარე და შიდა სივრცეებია, მოთხოვნა გაზრდილია და სრული დატვირთვით მუშაობს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ წყვეტა ფაქტობრივად არ გვქონია და მუდმივად გვსტუმრობდნენ ერთგული მომხმარებლები,“ - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.