ლილო მოლი: გაფართოების პროექტი, შესაძლოა, 2022 წლისთვის დავიწყოთ
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ კომპანიას სერიოზული ზარალი მიაყენა და ამის გამო ყველა საინვესტიციო პროექტის განხორციელება, გადაიდო.
მათ შორის, „ლილო მოლის“ გაფართოების გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო დამატებით 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება. კვარაცხელიას განცხადებით, თუ სიტუაცია დასტაბილურდა, მომავალი წლისთვის, შესაძლოა, პროექტის დაწყება დღის წესრიგში დადგეს. „ამ დროისთვის ზარალის ამოღების პროცესში ვართ,“ - აცხადებს კვარაცხელია.
პროექტი ითვალისწინებს ძირითადად საპარკინგე ადგილების შექმნას. ტერიტორიის ნაწილი უკვე არის „ლილო მოლის“ საკუთრებაში, ნაწილის შეძენას კი კომპანია განიხილავს. კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ პროექტში კომპანიას რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდებოდა.
"ლილო მოლი” 37 ჰექტარზე გაშენებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია, როგორც საცალო, ისე - საბითუმო ვაჭრობის სფეროში.