ლილო მოლი: დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯს კომპანია არ დააფინანსებს
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, 1 იანვრიდან აღარ დააფინანსოს მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება, კარგ შედეგს არ მოიტანს და სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს.
როგორც კვარაცხელია აცხადებს, განსაკუთრებით პრობლემური იქნება მისი აღსრულება და ადმინისტრირება.
„ამ ხალხის ჩამოყვანა და პლიუს თანხის გადახდა, პრობლემური იქნება. როგორ მოაბამენ თავს არ ვიცი. ასევე გასათვალისწინებელია რა ფასს დააწესებენ ესენი. დღეში 50 000 ადამიანის გატესტვა რომ ხდება, ამაში შევდივართ ჩვენც, რაოდენობა რომ შემცირდება, სახელმწიფოსთვის კარგი და ზუსტი მონაცემების მიმცემი არ იქნება, ქალაქში როცა იკეთებს ადამიანი უფასოდ უნდა გაიკეთოს და თუ ჩვენთან მუშაობს, თანხა უნდა გადაიხადოს? მგონი, ეს მიდგომა არასწორია,“ - აცხადებს კვარაცხელია.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს – დასაქმებული თუ “ლილო მოლის“ ადმინისტრაცია, კვარაცხელია აცხადებს, რომ ხარჯი მეწარმის მიერ იქნება განსახორციელებელი და ამის დაფინანსებას "ლილო მოლი" არ განახორციელებს.
შეგახსენებთ, COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილების შეტანამდე და მოქმედი წესით, სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.
რაც შეეხება ბაზრებსა და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს – 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში – ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.
შრომის ინსპექციაში jandacva.ge-ს განუმარტეს, რომ ვალდებულება შესაბამისი პერიოდითა და გასატესტი ადამიანების პროცენტული წილით ძალაში რჩება, თუმცა ეს წილი დაიანგარიშება აუცრელი თანამშრომლების რაოდენობიდან.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებულთა ბაზები, რომლის საშუალებითაც მარტივად კონტროლდება ტესტირების მაჩვენებელი ამა თუ იმ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს – დასაქმებული თუ მოლების ადმინისტრაცია – ეს თავად ბიზნეს-სუბიექტების გადასაწყვეტია.