ბიზნესი
10/02/2023

ლევან ვეფხვაძე : საწვავის გაიაფების პროცესი გაგრძელდება

ქვეყანაში საწვავის გაიაფების პროცესი გაგარძელდება, ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.

ვეფხვაძის ინფორმაციით, ბაზარზე ტენდენცია კლებადი, ხოლო ვალუტა გამყარებადია, შესაბამისად ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება ფასებშიც და გაიაფების პროცესი გაგრძელდება. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიზანი უნდა იყოს არა მარჟები, არამედ როგორია კომპანიებს შორის კონკურენცია და  არის თუ არა კომპანიებს შორის  საბაზრო შეთანხმება.

როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, მსოფლიოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაციის თვალსაზრისით დიდი წნეხია, რომელიც საერთაშორისო ბაზრების პრობლემაა. შესაბამისად, ოჯახის შემოსავალი ამ წნეხს ვერ უმკლავდება.

„არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც კომპანიას აქვს შესაძლებოლობა ქვეყანაში ერთი კონკრეტული ქვეყნიდან ნავთობპროდუქტები შედარებით იაფად შემოიტანოს, მაგრამ სხვა კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს , რადგან ის  ევროპაში, ევროპული სტანდარტებით პროდუქტს უფრო ძვირ ფასად ყიდულობს. შესაბამისად, ბაზარზე პროდუქტებს შორის განსხვავებები წარმოიქმნება, ასეთი ბაზრის კონიუქტურა, როგორიც დღეს არის, აქამდე არასდროს არ ყოფილა იმიტომ, რომ განსხვავება ძალიან დიდია ერთ კონკრეტულ ქვეყანასა და სხვა ქვეყნებს შორის,"- ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მიწოდების უსაფრთხოებისთვის სწორი არ იქნება თუ ყველა ერთ ქვეყანაზე გადაერთვება, რადგან თუ საქართველო მთლიანად ჩრდილოეთზე იქნება დამოკიდებული,  მყისიერად მოწოდების შეფერხების შემთხვევაში შეიძლება შიდა ბაზარზე პრობლემა შეიქმნას.

 „თუ კომპანიები მოახერხებენ და გაითვალისწინებენ, რომ მყისიერად ერთ ქვეყანაზე გადმორთვის შემთხვევაში მოწოდების ნაწილში პრობლემა არ ექნებათ,  მაშინ  ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება პრობლემა არ იქნება.“ - აღნიშნავს ვეფხვაძე.

„არ შეიძლება ასე ერთ ქვაბში კომპანიისა და პროდუქტების მოხარშვა, რადგან მომწოდებელი ქვეყნები განსხვავებულია. დიზელი არის დეფიციტური ყველგან, შესაბამისად ჩვენთანაც უფრო ძვირი ღირს და ევროპულ ფასთან თანხვედრაშია. რეგულარის ნაწილში არის მეტი შესაძლებლობა ერთი კონკრეტული ქვეყნიდან წამოღების და შედარებით იაფია. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება ასე ერთ სიბრტყეზე გადატანა.“ - აღნიშნავს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.